სხვისი “სხვისი სახლი”

პრესაში კვირა არ გავა, რომ არ შევიტყვოთ რუსუდან გლურჯიძის ფილმის სხვისი სახლის ახალი საერთაშორისო წარმატების შესახებ. ქართული კინოსთვის, შიდა კინობაზრის არარსებობის გამო, ფესტივალები და მათი აუდიტორია ძალზედ მნიშვნელოვანია. დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, სწორედ აქედან ჩნდება პრეტენზიაც, რომ ქართველი რეჟისორები ფილმებს მხოლოდ უცხოური აუდიტორიისთვის იღებენ და ასეც რომ არ იყოს, საფესტივალო კონიუნქტურა თავისას შვრება: ეგზოტიკურ ისტორიებს, გარემოსა და სტილს ყოველთვის აფასებდნენ სტაბილურობისგან დაღლილ საზოგადოებებში. ეს გარემოება ხსნის ქართული კინოს ისტორიული თუ ამჟამინდელი წარმატების მიზეზებსაც.

სხვისი სახლიც ამგავრ ეგზოტიკური ისტორიაზეა დაფუძნებული. დასაწყისშივე ვიგებთ, რომ მოვლენები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდგომ მითარდება. გმირები ქართულად საუბრობენ და ამიტომ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაყურებელს ებადება განცდა, რომ ის რიგით ომისშემდგომ ქართულ ტრაგიკულ ისტორიას უყურებს. მალევე ეს მოლოდინი ქრება, როდესაც გაირკვევა თუ ვის ეკუთვნის მიტოვებული სახლი, რომელსაც ფილმის გმირები იკავებენ: მოქმედება აფხაზეთში, ქართველებისგან დაცლილ ერთ-ერთ სოფელში ვითარდება. სხვისი სახლი პირველი მცდელობაა ამ კონფლიქტის სხვა მხარეს მყოფი ადამიანების ყოფის წარმოდგენისა და გაგების. ქართველმა რეჟისორმა რუსუდან გლურჯიძემ შემოგვთავაზა ის დრო და ადგილი, საიდანაც ათვლას იწყებს ორი პარალელური ხედვა თუ რა მოხდა ქართულ-რუსულ-აფხაზური ომის დროს და როგორ განვითარდა მოვლენები იქ სადაც სოფლები და ქალაქები ერთ ღამეს დაიცალა.

232045420კადრი ფილმიდან “სხვისი სახლი”, 2016

ერთია, ზემოთქმული როგორ ჟღერს და მეორე – როგორ არის ის გადაღებული. რეჟისორმა შემოგვთავაზა გამოსახულების საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტა, ე.წ. 4:3 ეკრანის ფორმატი (1.33:1 ტრაიციული სტანდარტი), რომელიც გამოიყენებოდა ციფრულ ერამდე არსებულ სატელევიზიო მაუწყებლობასა და ვიდეოჩამწერებში. უკანასკნელ პერიოდში, მსგავსი ქსავიერ დოლანის დედიკოში (Mommy, 2014) ვიხილეთ, თუმცა იქ ეს ფორმატი არჩეულია იმისთვის, რომ მხოლოდ რამდენიმე წუთით ეს ჩაკეტილი სივრცე გაიხსნას და მთლიანი ეკრანი შეავსოს. სხვისი სახლის შემთხვევაში რთულია იმის თქმა, თუ რა კონცეფცია იმალება არჩეული ფორმატის უკან. რთულია საუბარი ერთგვაროვან ფერთა ფალიტრაზეც, მუდამ ნისლიან ამინდზე, რომელიც ფილმის ზოგიერთ მომენტში საკმაოდ ორგანულად აღიქმება როგორც ბუნებისა და პერსონაჟების ისტორიის თანაკვეთა. მაგრამ რეჟისორს ზომიერების განცდა ღალატობს, რის გამოც ვიღებთ პარალელური სამყაროს, სადაც მუდამ წვიმს და ნისლია.

რუსუდან გლურჯიძისთვის კარგი იქნებოდა იმის შეხსენება, რომ კინოს საფუძველში ფოტოგრაფია მოიაზრება, ანუ დოკუმენტურობა, რეალობაზე თავისთავადი ორიენტირებულობა. რაოდენ მომხიბლავადაც არ უნდა ჟღერდეს გამონათქვამი: – “ამინდიც კი ტირის”, ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ კინოში ტრაგიკული მოვლენა აუცილებლად ტრაგიკული ამინდის, ტრაგიკული ფერების, ტრაგიკული ჩაცმულობისა და ტრაგიკულ მუსიკის ფონზე უნდა ვითარდებოდეს.

მიუხედავად შეკრული დასაწყისისა, სხვის სახლს საკმაოდ დიდი დრამატურგიული პრობლემები აქვს, განსაკუთრებით, პერსონაჟების თვალსაზრისით. ფილმის დასასრულს ვიგებთ, რომ ომმა დაამახინჯა ადამიანთა ცხოვრება ორივე მხარეს და ზოგიერთმა ბოლომდე არ დაკარგა ღირსების გრძნობა, თუმცა ამ აზრამდე ჩვენ არ მივყავართ პერსონაჟებს, მათ პორტრეტებსა თუ განვითარების გზებს, ის თითქოს თავისთავად გვეძლევა, ყოველგვარი მიზეზ-შედეგობრიობისა და კონფლიქტის დაძლევის გარეშე.

salome_demuriaკადრი ფილმიდან “სხვისი სახლი”. მსახიობი სალომე დემურია. 2016

საუბრის ამ ნაწილში მივადექით მსახიობის პრობლემის დაუძლეველ საკითხს ქართულ კინემატოგრაფში. გარდა ჩვენ მიერ ნახსენები სცენარის კონსტრუქციის ხარვეზებისა, სახეზეა მსახიობის პროფესიული უნარების კატასტროფულად მძიმე მდგომარეობაც. სხვისი სახლის სამსახიობო შემოდგენლობა არაბუნებრივი მეტყველების, ქცევისა და მანერების გამო კლავს ისედაც მყიფე ატმოსფეროს, რომელიც შესაძლოა გამოგვპარვოდა თუკი რომელიმე მსახიობი შეძლებდა ჩვენს მოხიბვლასა და ყურაღების მიქცევას. მთავარი მოლოდინი სალომე დემურიას უკავშირდებოდა, რომელმაც, სამწუხაროდ, ვერ შექმნა ქალი ჯარისკაცის, მებრძოლისა და პატრიარქალურ საზოგადოებაში კაცის როლის მტვირთველის არათუ სახე არამედ მისი კონტურიც კი. ფილმის განმავლობაში ვერ ვიგებთ, საბოლოო ჯამში, რა აწუხებს, რა სურს ან რატომ სურს ის რაც მის პერსონაჟშია ნაგულისხმები. დამნაშავე აქ მისი სახეა, რომელიც ერთნაირად მოსაწყენი და სიტუაციებთან მიმართებაში ალოგიკურია, მოკლებული ყოველგვარ შინაგან სტრუქტურას. საქმეში ერთვება დეკლმაციის სირთულე და არტიკულაციის არაბუნებრიობა. აღნიშნული პრობლემა დამოკლეს მახვილივით კიდია ყველა ქართველი მსახიობისთვის თავზე და მოქმედებაში მოდის იმ წუთიდან როდესაც ისინი გამოუცდელ რეჟისორებთან მუშაობას იწყებენ.

ჩვენი მსჯელობის საწინააღმდეგოდ, ნებისმიერს შეუძლია “საფესტივალო ცხოვრების” არგუმენტის მოშველიება, რომ პრობლემა არა ფესტივალების აუდიტორიაში არამედ ქართველ მაყურებელშია. ამ აზრის დეტერმინირება ისედაც გრძელ სიტყვას კიდევ უფრო გაგვიგრძელებს, ამიტომ შევეხოთ ისევ ზოგად პრობლემას – ენის საკითხს. მხოლოდ ენის მატარებელს შეუძლია მშობლიური საუბრის, როგორც ვერბალურის ისე არავერბალურის, ზუსტი დახასიათება და მისი ავ-კარგიანობის განსაზღვრა. ადგილობრივი მაყურებელი არ ტყუვდება ე.წ. “ტარკოვსჩინით”, რაც ამ ფილმში ათასი სარკისა თუ წყლის ზედაპირის უაზრო ჩვენებაში გამოიხატება, მისთვის მთავარი გულწრფელობა და პროფესიონალიზმია. სწორედ აქ უნდა ვეძებოთ მიზეზი, თუ რატომაც არ ყავს ახალ ქართულ კინოს ადგილობრივი მაყურებელი. სხვისი სახლის აუდიტორიაც მხოლოდ კარგი ან ნაკლებად კარგი ფესტივალების დარბაზებშია და არა სოხუმში, გალში, ხაშურსა თუ თელავში.

3b229d804428c3acfea8dcac4681c106