Cinéma vérité-ეს მიზიდულობა

ტერმინი სინემა ვერიტე შეიძლება ბევრისთვის უცნობი იყოს. ისევე როგორც ამ მეთოდის დამამკვიდრებელი რეჟისორები: ფლაერტი, ვერტოვი, რუში თუ სხვ. მოკლედ რომ ავხსნათ, ამ სიტყვის უკან იგულისხმება დაკვირვების, თვალთვალის შედეგად შექმნილი დოკუმენტური კინო. ზემოთ ჩამოთვლილ რეჟისორებს მიაჩნდათ, რომ ჩვენ გარშემო არსებული რეალობა არ არის ბოლომდე ჭეშმარიტი, “ნედლი მასალის” უკან იმალება სხვა სიმართლე, რომელსაც ვერასდროს იპოვნი მის ზედაპირზე.

სალომე ჯაში პირველი ქართველი რეჟისორია, რომელმაც დოკუმენტური რეალობის განზოგადება შეძლო. მას ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება აქვს, რამაც, სავარაუდოდ, მიიყვანა იმ აზრამდე, რომ რეალობის აღბეჭდვა არ არის სრული სურათის დანახვისთვის საკმარისი – საჭიროა მისი თვალთვალი, რათა გადაილახოს “თამაშის” ანუ გაყალბების საშიშროება.

კამერის ცივი, მექანიზებური აპარატი ბევრისთვის ძალადობასთან ასოცირდება, ბევრისთვის კი, ტელევიზიის პოპულარობის ზრდასთან ერთად, საკუთარ პერსონაზე ყურადღების მიქცევასთან (განსაკუთრებით, მძიმე სოციალური ფონის მქონე საზოგადოებებში კამერა იქცევა “გადარჩენის” ერთადერთ იმედად). ამგვარად, დოკუმენტური კინოსთვის ორმაგად რთულია ბუნების გულში, მის ონტოლოგიაში შეღწევა და მით უფრო, მისი განზოგადება. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ ნიჭსა და უნარებს მოითხოვს, როგორც კინემატოგრაფიულს, ისე პოეტურს.

v16daisis03           კადრი ფილმიდან “დაისის მიზიდულობა”

სალომე ჯაშის დაისის მიზიდულობა წალენჯიხაშია გადაღებული. პროვინციულ ქალაქში არსებობს ტელევიზია, რომელსაც ყოველკვირეული საინფორმაციო გამოშვება აქვს. ჯიხას ჟურნალისტისთვის ეს არის კატასტროფული ადგილი – იქ არაფერი ხდება ისეთი, რაც გამოშვების ქრონომეტრაჟს შეავსებდა. მისი ქცევა, საუბრის მანერა, გადაცემის წაყვანის სტილი არის ცენტრალური არხების მსგავსი ანუ მიმბაძველობითი – ის ბაძავს ცნობილ ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც, საკუთრივ, ბაძავენ (უმეტესად) რუსულ ტელეწამყვანებს, რომლებიც მაგალითს იღებენ ამერიკელებისგან და ასე, უსასრულოდ. ამ გამეორებების წყებაში, იგივე რეპროდუცირებაში, იკარგება მთავარი – რეალობა, რომელსაც ჯიხა ჟურნალისტი ვერ ამჩნევს. მისგან განსხვავებით, დაისის მიზიდულობის მაყურებელი წალენჯიხის ახალ ამბებში არათუ ამ ქალაქს არამედ მთლიანი საქართველოს მოდელს ხედავს. ჩვენ ვუყურებთ სილამაზის კონკურსებს, არჩევნებს, კონცერტებს, ობელისკების გახსნის ცერემონიალებს, სენსაციურ მოვლენებს (გიგანტური ბუს გამოჩენა), ზეიმებს, საქველმოქმედო ღონისძიებებსა და ა.შ. ყველა ამ ამბავში იკითხება მიბაძვა, ანუ მის წალენჯიხა ტარდება მის საქართველოს მაგალითზე, ეს უკანასკნელი კი რომელიღაცა კონკურსის მაგალითზე, რომელიც, ასევე, სხვა კონკურსის ანალოგია.

რეალობა არ არის მოვლენაში, მაგალითად, წალენჯიხის ადგილობრივ არჩევნებში, ის დეტალებსა და საერთო სურათშია. მოდით, ავხსნათ რა იგულისხმება აქ: მაყურებელი ხედავს ერთ-ერთ საარჩევნო უბანს და მის რუტინას. თუმცა, ჯაში ძალიან დიდი ხნის დაკვირვების შედეგად აღმოაჩენს, რომ კომისიის წევრები, როდესაც უბანზე ამომრჩეველი არ იმყოფება, ერთმანეთს ტკბილეულობით უმასპინძლდებიან. ეს არ არის დიდი აღმოჩენა, თუმცა პროცესში ჩვენ კიდევ უფრო მნიშვნელოვან დეტალებს შევნიშნავთ. რომელიმე სხვა რეჟისორი ამით დაკმაყოფილდებოდა, თუმცა ჯაშის სტილის მთავარი მიზიდულობა განზოგადებაშია – ამ ეპიზოდის დასასრულს აღმოვაჩენთ, რომ თურმე საარჩევნო უბანი (სკოლის სააქტო დარბაზის) სცენაზეა მოწყობილი.

v16daisis02კადრი ფილმიდან “დაისის მიზიდულობა”

დაისის მიზიდულობას აქვს ყველაზე ტრაკიგული დასარული, რაც კი ოდესმე გვინახავს ქართულ კინოში. ფილმის ფინალის შემდეგ, ტელეკომპანია ჯიხას ჟურნალისტი და მემონტაჟე საუბრობენ იმაზე, რომ მათ ეს ფილმი არ მოსწონთ, არ ეთანხმებიან რეჟისორის ხედვას და სალომე ჯაშს საყვედურობენ, თუ რატომ არ დაინტერესდა ის წალენჯიხის ლამაზი ბუნებითა და ღირსშესანიშნაობებით. მათი სიტყვებით, ეს პრეტენზიები გამოითქვა ადგილობრივი ჩინოვნიკების მიერ, რომლებსაც ქალაქის “უკეთესი კუთხით წარმოჩენა” სურდათ.

პოსტსაბჭოთა და პოსტტოტალიტარულ ხელისუფლებებს ყველაზე მეტად სძულს არა იმდენად “ნედლი” რეალობა, რამდენადაც მისი განზოგადებული სახე, რომელიც ხსნის მიზეზს, რომ პრობლემა არა მხოლოდ სახსრების უკმარისობაშია, არამედ კიდევ სხვაგან. დაისის მიზიდულობაში დაისვა კითხვები, ისევე როგორც ჯაშის წინა ფილმებში, თუმცა სინემა ვერიტეს სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, აქ არ გაცემულა არც ერთი პასუხი. ის ჩვენი მოსაძიებელია, რომლისთვისაც დაგვჭირდება მხოლოდ დაკვირვების სიყვარული.