ვხედავ ე.ი. ვარსებობ

ახალი კონცეფცია ტომ ფორდისგან

 

2016 წელი დევიდ ბოუვის გარდაცვალების ცნობით დაიწყო, მის მიწურულს კი ჯორკ მაიკლის, ასევე უეცარი, სიკვდილის შესახებ შევიტყვეთ. სიმბოლური მოვლენებით სავსე წელი, პირველ მსოფლიო ომამდელ პერიოდსაც კი შეადარეს. თუმცა, რადგან ისტორია არასოდეს მეორდება, აპოკალიპტურ წინასწარმეტყველებებს არავის აყვა. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ევროკავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში მასობრივი შიმშილი დაიწყოს, ხოლო დონალდ ტრამპმის პრეზიდენტობამ ამერიკის დაშლა გამოიწვიოს.

მსოფლიო აუდიტორიის უცნაური, ჩამოუყალიბებელი და არაპროგნოზირებადი მოლოდინები აისახა ამ წლის ხელოვნებაზეც. ბევრი ახალი კარგი წიგნი, ალბომი თუ ფილმი ვიხილეთ, რომლებმაც, ერთი მხრივ, გააჩინეს გასული წლების სახელოვნებო კრიზისის დასრულების მოლოდინი და, მეორე მხრივ, გამოკვეთეს თანამედროვეობის ყველაზე დამახასიათებელი თვისებები: უსტილობა, უღიმღამობა და უპერსპექტივობის განცდა.

“ცუდი პერსპექტივა” არასტაბილურობასაც ნიშნავს, რომელსაც დასავლეთში, ინტელექტუალები და ხელოვანები, ახალი ტალღების ეპოქიდან მოყოლებული, ებრძოდნენ როგორც ბურჟუაზიის ერთ-ერთ მთავარ მანკიერებას. ამისთვის მათ მეამბოხის იმიჯიც კი შექმნეს, ნონკონფორმისტის, რომელიც, 2016 წლისთვის, კლოუნად და პოპულისტად იქცა, თუმცა სტაბილურობის ზიზღი, აქაც და იქაც, იგივე დარჩა.

john-currinკადრი ფილმიდან

სწორედ, ამ პრობლემებს ეხება ტომ ფორდის რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი ღამის ცხოველები (Nocturnal Animals, 2016), რომელიც ოსტინ რაიტის გამხაურებული ნოველის ტონი და სუზანის ეკრანიზაციაა. არტ გალერიის მეპატრონე სიუზან მოროვს ყოფილი ქმირი ხელნაწერ რომანს უგზავნის. კონვერტის გახსნის შემდეგ პირველ გვერდზევე ვიგებთ, რომ ფილმს რომანის სათაური აქვს. მეორე გვერდზე ვხედავთ წარწერას – “ეძღვნება სიუზანს”, მესამე გვერდიდან კი აღმოჩნებით მანქანაში, ანუ თავად რომანში.

ღამის ცხოველებში არის სამი დრამატურგიული ხაზი: სიუზანის აწმყო, სადაც მას ამჟამინდელი ქმარი ღალატობს; სიუზანის წარსული, სადაც ის პირველ ქმართან იწყებს ურთიერთობებს; და მესამე – რომანი, რომელშიც იმდენად ბრუტალური ისტორიაა გადმოცემული, რომ მისთვის ამჟამინდელი ქმრის ღალატის ფაქტიც კი უმნიშვნელო ხდება. ის “გამოდის” საკუთარი სოციალური სტატუსიდან და იქცევა “რიგით მკითხველად”, რომლის ქცევაც, აზრებიცა და განცდებიც სინქრონირდება პერსონაჟის გამოგონილ სამყაროსთან. რომანი სიუზანისთვის თანდათანობით ყოვლისმომცველი ხდება.

ფილმის შუა ნაწილი იმდენად სუსტია, რომ აჯობებს საუბარი უფრო საინტერესო თემებზე განვაგრძოთ. სიუზანს (მსახიობი ემი ადამსი) წითელი თმები აქვს, ფილმის პალიტრაც ამ ფერის გარშემო იგება. ის ხშირად ჩანს შავისა და თეთრის ფონზე, რომელსაც თანამედროვე არქიტექტურის სხვადასხვა ინტერიერი ქმნის. ფილმში ნაჩვენებია უკანასკნელი პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვრებისა და დიზაინერების ნამუშევრები. ყველა დეტალი ახალი ტიპის ბურჟუაზიის გარემოს რეკონსტრუქციას ეწევა. ასეთ სახლებში, გალერეებსა და ოფისებში ხელოვნება, რომელიც, ძირითადად, კონცეპტუალურია, პირველ რიგში კარგავს კონცეფციას, ეცვითება რა ზეგავლენის მოხდენის უნარი, და იქცევა დეკორის, უსიცოცხლო და ერთგვაროვანი სივრცის უბრალო დამატებად.

ღამის ცხოველები ნამდვილად არ გავს მილოშ ფორმანის Taking Off-ს (1971) ან მიქელანჯელო ანტონიონის ზაბრისკი პოინტს (1970). ამ ფილმში ვერ ნახავთ ამბოხს, თუმცა მოგიწევთ ადამიანის გადატეხვის პროცესის ყურება, დაახლოებით ისეთის, სხეულს რაც ექსტაზისა თუ ეპილეფსიის დროს ემართება. ამ აზრამდე ჩვენ ერთ-ერთ ტილოს მივყავართ, რომელიც სიუზანის სამუშაო ოთახის კედელზე კიდია. ეს არის ჯონ კორენის ნიუ ამობურცულ სარკეში, რომელიც კინოსა და ფერწერის მოყვარულებს მანიერისტი მხატვრის პარმიჯანინოს ავტოპორტრეტს ახსენებს. ამ ტილოზე საუბრისას, ეიზენშტეინი აღნიშნავდა, რომ პარმიჯანინომ გამოიყენა ის ოპტიკური ილუზია, რომელიც კინოში, ობიექტივ 28-ს უკავშირდება (იგივე თევზის თვალს) და მის ექსტატიკურ ბუნებას, რაც საგნისთვის საკუთარი საზღვრების დაძლევის უნარის მინიჭებაში ვლინდება.

screen-shot-2016-12-30-at-8-38-14-pmმარცხნივ: John Currin – Nude in a Convex Mirror (2015). მარჯვნივ: Parmigianino – Self-portrait in a Convex Mirror (1524)

ღამის ცხოველების მსვლელობისას, მის სუსტ ნაწილებშიც კი, ვხედავთ პერსონაჟების საკუთარი ჩარჩოებიდან გამოთავისუფლებისა და ერთმანეთში შეღწევის პროცესს. სიუზანი უკავშირდება რომანის მთავარ პერსონაჟს ტომს, რომელიც, ამავე დროს, მისი ყოფილი ქმრის პროექციაა. ისინი ერთმანეთს მონტაჟით უკავშირდებიან. ფინალამდე ჩვენ ვიგებთ სიუზანის მუდმივად შეშფოთებული სახის საიდუმლობს, რომელიც სინდისის ქენჯნასა და ქრონიკულ მოწყენილობას შორის მერყეობს. მას სურდა დედამისის ხატისგან, მისი ცხოვრების სტილისა და კლასისგან თავის დაღწევა – ეს ვერ შეძლო, რაც პირველ ქმართან განშორების მიზეზი გახდა.

რომანის კითხვამ სიუზანს პრობლემთან გამკლავება დააწყებინა. მაყურებელი ხედავს გამარჯვებულ, ახალ სიუზანს, რომელიც მოუთმენლად ელის ყოფილ ქმართან შეხვედრას. ის მიდის დათქმულ ადგილას, იმ იმედით რომ მოხდება მათი რეკომბინაცია და გამოგონილ პერსონაჟთან დაწყებული მტკივნეული პროცესი მშვიდობიანად, ჰეფი ენდით დასრულდება. ბოლო კადრში სიუზანის თვალები ჩანს, სადაც ვხედავთ მის შიშს მომავლის, გაურკვეველი პერსპექტივის წინაშე. საკუთარი გარსის დატოვება თვალის ახლებური ჩინის შეძენას ნიშნავს, რომელიც შეიძლება უსიამო აღმოჩნდეს, მაგრამ ინფანტილურ თვალთახედვაზე გაცილებით უკეთესი.

18nocturnal1-master768-v2კადრი ფილმიდან
Advertisements