სხვისი “სხვისი სახლი”

რუსუდან გლურჯიძის “სხვისი სახლი” საერთაშორისო ფესტივალების პრემიებით დახუნძლული ფილმია. მან 2016 წლის თბილისის კინოფესტივალის მთავარი ჯილდოც მოიპოვა. ამის მიუხედავად, ფილმი ფართო აუდიტორიისთვის დღემდე უცნობია. ისმის კითხვა, ვისთვის იღებენ ქართველი კინემატოგრაფისტები ფილმებს – ადგილობრივი პუბლიკისთვის თუ ფესტივალებისთვის? ქართული კინო ყოველთვის ახერხებდა საერთაშორისო ფორუმებზე მოხვედრასა და იქ გამარჯვებების მოპოვებას, თუმცა დღევანდელი ფილმების დიდი ნაწილი მხოლოდ ფესტივალების კონიუნქტურას დაქვემდებარებულ პროდუქციას მოგვაგონებენ. თანამედროვე ქართულ კინოში თქვენ ნახავთ ეგზოტიზაციის ყველაზე მოურიდებელ გამოვლინებებს, ტყუილებსა და სიზარმაცეს, ან სხვა სიტყვებით, საქმისადმი არაფროფესიონალურ დამოკიდებულებას, რაც თვალშისაცემი მხოლოდ ადგილობრივი მაყურებლისთვის შეიძლება იყოს.

“სხვისი სახლიც” დასავლეთ ევროპელებისთვის ეგზოტიკურ ისტორიაზეა დაფუძნებულ ფილმს წარმაოდგენს. დასაწყისშივე ვიგებთ, რომ მოვლენები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდგომ პერიოდში ვითარდება. გმირები ქართულად საუბრობენ და ამიტომ, გარკვეული დროის განმავლობაში, მაყურებელს ებადება განცდა, რომ ის რიგით ომისშემდგომ ქართულ ტრაგიკულ ისტორიას უყურებს. მალევე ეს მოლოდინი ქრება, როდესაც გაირკვევა თუ ვის ეკუთვნის მიტოვებული სახლი, რომელსაც ფილმის გმირები იკავებენ.

232045420კადრი ფილმიდან “სხვისი სახლი”, 2016

მოქმედება აფხაზეთში, ქართველებისგან დაცლილ ერთ-ერთ სოფელში ვითარდება. “სხვისი სახლი” პირველი მცდელობაა კონფლიქტის სხვა მხარეს მყოფი ადამიანების ყოფის გაგების. ქართველმა რეჟისორმა რუსუდან გლურჯიძემ შემოგვთავაზა ის დრო და ადგილი, საიდანაც ათვლას იწყებს ორი პარალელური პერსპექტივა იმის შესახებ თუ რა მოხდა ქართულ-რუსულ-აფხაზური ომის დროს და როგორ განვითარდა მოვლენები იქ სადაც სოფლები და ქალაქები ერთ ღამეს დაიცალა.

ერთია, ზემოთქმული როგორ ჟღერს და მეორე – როგორ არის ის გადაღებული. რეჟისორმა შემოგვთავაზა გამოსახულების საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტა, ე.წ. 4:3 ეკრანის ფორმატი, რომელიც გამოიყენებოდა ციფრულ ერამდე არსებულ სატელევიზიო მაუწყებლობასა და ვიდეოჩამწერებში. უკანასკნელ პერიოდში, მსგავსი ქსავიერ დოლანის “დედიკოში” (Mommy, 2014) ვიხილეთ, თუმცა იქ ეს ფორმატი არჩეული იყო იმისთვის, რომ ხელოვნურად ჩაკეტილი გამოსახულება რამდენიმე წუთის განავლობა გახსნილიყო და ეკრანის ყველა კუთხე მოეცვა. “სხვისი სახლის” შემთხვევაში რთულია იმის თქმა, თუ რა კონცეფცია იმალება არჩეული ფორმატის უკან. რთულია საუბარი ერთგვაროვან ფერთა ფალიტრაზეც, მუდამ ნისლიან ამინდზე, რომელიც ფილმის ზოგიერთ მომენტში საკმაოდ ორგანულად აღიქმება, როგორც ბუნებისა და პერსონაჟების ისტორიის თანაკვეთა. მაგრამ რეჟისორს ზომიერების გრძნობა ღალატობს, რის გამოც ვიღებთ სამყაროს, სადაც ცხოვრებისეული უსამართლობის ფონზე მუდამ წვიმს და ნისლიანი ამინდია.

რუსუდან გლურჯიძისთვის კარგი იქნებოდა იმის შეხსენება, რომ კინოს საფუძველში ფოტოგრაფია მოიაზრება, ანუ დოკუმენტურობა, რეალობაზე თავისთავადი ორიენტირებულობა. რაოდენ მომხიბლავადაც არ უნდა ჟღერდეს გამონათქვამი: – “ამინდიც კი ტირის”, ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ კინოში ტრაგიკული მოვლენა აუცილებლად ცუდი ამინდის, მუქი ფერების, მგლოვიარე ჩაცმულობისა და გულის გამაწვრილებელი მუსიკის ფონზე უნდა ვითარდებოდეს.

salome_demuriaკადრი ფილმიდან “სხვისი სახლი”. მსახიობი სალომე დემურია. 2016

მიუხედავად შეკრული დასაწყისისა, “სხვის სახლს” საკმაოდ დიდი დრამატურგიული პრობლემები აქვს, განსაკუთრებით, პერსონაჟებთან დაკავშირებით. ფილმის დასასრულს ვიგებთ, რომ ომმა ბარიკადების ორივე მხარეს მყოფთა ცხოვრება ერთანირად დაამახინჯა, უბიძგა რა ადამიანებს საკუთარ ღირსებაზე ხელის აღებისკენ. ფილმის ფაფუბა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა არ მოიქცევა ასე. სამწუხაროდ, ამ აზრამდე არ მივყავართ “სხვისი სახლის” გმირებს. ფილმში ცალ-ცალკე ვითარდება სიუჟეტი და ამ სიუჟეტის გმირები, რომელბიც უფრო მეტად სქემის ჭანჭიკებად გვესახებიან, ვიდრე შინაგან კანონზომიერებაზე დამყარებულ რეალური ადამიანების პროტოტიპებად.

საუბრის ამ ნაწილში მივადექით ქართული კინოსთვის ჯერ-ჯერობით დაუძლეველ პრობლემას – კინომსახიობის ოსტატობის საკითხს. “სხვისი სახლის” შემთხვევაში მთავარი მოლოდინი სალომე დემურიას უკავშირდებოდა, რომელმაც, სამწუხაროდ, ვერ შექმნა ქალი ჯარისკაცის, მებრძოლისა და პატრიარქალურ საზოგადოებაში კაცის როლის მტვირთველის არათუ სახე, არამედ მისი კონტურიც კი. ფილმის განმავლობაში ვერ ვიგებთ, საბოლოო ჯამში, რა აწუხებს, რა სურს ან რატომ სურს ის რაც მის პერსონაჟშია ნაგულისხმები. დამნაშავე აქ მისი სახეა, რომელიც ერთნაირად მოსაწყენი და სიტუაციებთან მიმართებაში ალოგიკურია, მოკლებული ყოველგვარ შინაგან დაძაბულობას. საქმეში ერთვება დეკლმაციის სირთულე და არტიკულაციის არაბუნებრიობა. აღნიშნული პრობლემა დამოკლეს მახვილივით კიდია ყველა ქართველი მსახიობისთვის თავზე და მოქმედებაში მოდის იმ წუთიდან რა დოსაც ისინი გამოუცდელ, ან ზარმაც რეჟისორებთან მუშაობას გადაწყვეტენ.

ზემოთქმულის საწინააღმდეგოდ, ნებისმიერს შეუძლია წარმატებული “საფესტივალო ცხოვრების” არგუმენტის მოშველიება, როგორც უკვე ვთქვით, ფილმმა უამრავი ჯილდო და პრიზი მოიპოვა. “სხვისი სახლი” საუკეთესო მაგალითია, იმისა, თუ რა პრობლემის წინაშე დგას თანამედროვე ქართული კინო, რომელსაც უჭირს ადგილობრივ მაყურებელთან კონტაქტი, თუმცა ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკმაოდ დიდი წარმატებებს აღწევს. მოკლედ, რომ ვთქვათ, პრობლემა ენის საკითხშია. მხოლოდ ამა თუ იმ ენის მატარებელს შეუძლია მშობლიური საუბრის, როგორც ვერბალურის ისე არავერბალურის, ზუსტი განსაზღვრა და მასში სიყალბის გამოჭერა. ადგილობრივი მაყურებლის მოტყუება ე.წ. “ტარკოვსჩინით” უკვე შეუძლებელია. მით უფრო, როცა საქმე არ გვაქვს ინტელექტუალურ და ელიტურ კინოსთან. კარგი გამოსახულება მაყურებელს არაგულწრფელობაზე თვალს ვეღარ დაახუჭინებს. ეს არის მიზეზი რის გამოც “სხვისი სახლისა” თუ ზოგიერთი სხვა ქართული ფილმის აუდიტორია მხოლოდ კარგი ან ნაკლებად კარგი ფესტივალების დარბაზებშია და არა სოხუმში, გალში, ხაშურსა თუ თელავში.

3b229d804428c3acfea8dcac4681c106

Advertisements