ვინ არის ტრამპი?

ვინ არის დონალდ ტრამპი? – ამ კითხვაზე პასუხს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში შევიტყობთ. ის შეიცვლება, სავარაუდოთ, თავს დაანებებს ტყუილის თქმასა და მასხრობას, რადგან აღნიშნული ფარსი, რომ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო ვაშინგტონის ისტაბლიშმენტის საპირწონე, აზრს კარგავს. ასევე უნდა ველოდოთ დიდ იმედგაცრუებებს, როგორც პუტინისთვის, ასევე კვადრატული შტატების თეთრკანიანი ჰეტეროსექსუალი ქალებისა და კაცებისთვის. არჩევნების გამოცხადებიდან მეორე დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის ოფიციალური ვებგვერდიდან გაქრა განცხადება ამერიაკში მუსლიმების არ შეშვებასთან დაკავშირებით.

ტრამპი ტიპური პერვერსია, რომელიც დაწერილ თუ დაუწერელ კანონს არღვევდა იქამდე, სანამ მას არ მიანიჭეს პოლიტიკური ძალაუფლების გარკვეული ნაწილი, რის სანაცვლოდაც ტრამპს მოუწევს კანონმორჩილების ველში დაბრუნება. ფსიქოანალიტიკური დისკურსი შემთხვევით არ შემოგვაქვს – ტრამპის შემთხვევაში ეს ერთადერთი მსჯელობაა რომელიც რაიმე სახით შეიძლება იყოს საინტერესო.

ისევ თვითდამშვიდებას რომ მივეცეთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ამერიკაში ქალებს არ ჩამოართმევენ ხმის უფლებას, არ დაიწყებენ გეების მკურნალობასა თუ მექსიკელების მონებად გამოცხადებას. თუმცა საქმე არც ისე კარგადაა, გაცხადებულის ნაცვლად ბრძოლა (ლიბერალიზმსა და კონსერვატიზმს შორის) კულტუროლოგიურ, ქვეცნობიერ შრეზე წარიმართება. ასე იყო ყოველთვის, როდესაც თეთრ სახლში პირველი აფროამერიკელი პრეზიდენტი ვიხილეთ და ასე იქნება ახლაც, როდესაც ამერიკული ნაციის ცენტრალურ პოსტზე აღმოჩნდება კარიკატურული ალფა მამრი.

შევხედოთ და კარგად დავაკვირდეთ ტრამპის ოჯახურ პორტრეტს, რომელიც 2010 წელს რეგინა მაჰაუმ გადაიღო. პირველი შეხედვისას აღვიქვამთ: ოჯახს, სიმდიდრეს, კეთილგაწყობას, მაღალ სოციალურ სტატუსს, ჰარმონიასა და უსაფრთხოებას. ოდნავ გავარჯიშებული თვალი აქ სიყალბესაც მალევე აღმოაჩენს და ეს ლოგიკურიცაა – როგორც წესი, დადგმული გადაღებების დროს ყველა ადამიანი იტყუება. თუმცა გავარჯიშებული თვალის ქონა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ყველაფრის გამოაშკარავების უნარს. ხელახლა შევხედოთ ამ ფოტოს და მოვახდინოთ მისი დეკონსტრუირება.

cki0j_sveaaa9gtRegine Mahaux – “Melania, Donald, and Barron Trump at Home Shoot”.2010

ინტერიერი. კლასიცისტური პერიოდის, ამპირის სტილში გადაწყვეტილი ინტერიერი და განსაკუთრებით, ოქროზე გაკეთებული უზარმაზარი აქცენტი, გვახსენებს არა იმდენად ლუვრს, რამდენადაც ნაპოლეონის რევოლუციამდელ ეპოქაზე “უფრო მდიდარ”, იმპერიის ახალ სტილის. კიჩური აქ ადგილმდებარეობაა – ცათამბჯენის ბოლო სართული. ადგილი, რომელზეც ნაპოლეონიც კი ვერ იოცნებებდა (ოლიმპოს სიმაღლის ფიზიკური გამოვლინება).

წონასწორობა. ბერძნულად კოსმოსი წესრიგს აღნიშნავს. ის საპირწონეა ცხოვრებისეული ქაოსისა, რომელიც ტრამპის სახლის ვიტრაჟდან მოჩანს. ინტერიერში ყველაფერი გეომეტრიული სიზუსტით არის გადაწყვეტილი, ყველაფერს აქვს წყვილი თუ გამაწონასწორებელი. ორი იდენტური ჭაღი, სავარძელი, დივანი, მცენარეების ქოთნებიც კი.

რაოდენობა. რაოდენობა სიმბოლიზმის განუყოფელი ნაწილია. რიცხვი 7 მითოლოგიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რელიგიაში ასეთი ადგილი 3-ს უკავია. სურათზე სამი ადამიანია. ხალიჩაზე სამი სათამაშო მანქანაა. ამ ციფრის “მაგიამ” კიდევ უფრო კარგად რომ იმუშავოს, ვხედავთ უკანა პლანზე, მაგიდაზე მდგარ ასევე სამ სურათს. შენიშვნა: აღნიშნულს არაფერი აქვს კავშირი ნუმეროლოგიასთან.

ყოვლისმყრობელი. გამოცდილება გვკარნახობს, რომ ძველ საოჯახო პორტრეტებზე მთავარი ფიგურა – მამა – ყოველთვის ფეხზე მდგომ, ცოლის მხარს დაყრდნობილ პოზიციაში უნდა იმყოფებოდეს. აქ კი, ამ მოდელის შებრუნებულ ვარიანტს ვხედავთ. მაგრამ გავიხსენოთ პანტოკრატი ქრისტეს ფრესკები – მხოლოდ ის ზის საინპერატორო ტახტზე, სხვა ფიგურები კი, მათ შორის, ღვთისმშობელი თუ წმინდანები, ფეხზე დგანან. ჯდომის პრივილეგია იერარქიულად უფრო მაღალა რეგისტრისაა, ვიდრე ჩვეულებრივი დომინირების გამომხატველი პოზიცია.

სხვა ფიგურები. მელანია ტრამპის მესამე ცოლია. ის სლოვენი ემიგრანტია. ყოფილი მოდელი. მელანიაზე მოდის ყველა ის კლიშე რომელიც მიეწერება ყოვლისმყრობელი კაცების სურვილის ობიექტებს. ვერ ვიტყვით, რომ ეს მხოლოდ კულტურული კოდია-თქო, იგივე ხდება ცხოველთა სამყაროშიც, სადაც ალფა მამრს, სტატუსიდან გამომდინარე, მიეკუთვნება რეპროდუცირებისთვის ყველაზე გამოსადეგი მდედრები. სამწუხაროდ, მელანია არ აღიქმება დამოუკიდებელ ელემენტად, ამ ფოტოზეც ის ტრამპის დამატებად, ერთ-ერთ ფუნქციად გვესახება. პოზისა თუ გამომეტყველებიდან გამომდინარე, მას მხოლოდ ესთეტიკური წონასწორობის შემქმნელის დატვირთვა აქვს (რენესანსის მხატვრობის პირამიდის პრინციპი).

მემკვიდრე. პორტრეტში მეორე “მსხვერპლი” მელანიასა და ტრამპის შვილი ბარონია – ასევე კარიკატურული სახელით (ინგლისში ბარონი არის უმაღლესი თავადაზნაურობის ტიტულიცა და ამერიკაში ძაღლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელი). ის სათამაშო ლომზე ზის. ის იძულებულია ბავშვობიდანვე დაეუფლოს მეფეთა მორჯულებას. ის იძულებულია იყოს უფრო მაგარი, ვიდრე მამამისი, რომლის ერთ-ერთი სიმბოლოც სწორედ ლომია (არამხოლოდ გარეგნული ნიშნების მიხედვით). სურს თუ არა ეს ბარონს, ამაზე მისი მოწყენილი მზერაც მეტყველებს. მისი ჩაცმულობის შეუფერებლობა ასაკთან კი მიგვანიშნებს ყოველდღიური მორალური წნეხის არსებობაზე. ტრამპის ოჯახის სხვა ფიგურები ყოველთვის უნდა შეესაბამებოდნენ “ლამაზი ცოლისა” და “ჭკვიანი შვილის” სტატუსს.

2-regine-mahaux-donald-and-barron-trump                                                                                                                           Regine Mahaux – “Donald and Barron Trump”. 2010

ფოტოზე ერთადერთი გულწრფელი ელემენტია ტრამპის სახე. რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩვენი მსჯელობისა და ამერიკის წინასაარჩევნო კამპანიის ფინალი ეს გამომეტყველებაა – ტრამპის ორგაზმისშემდგომი სიხარული და ხელის მტევნების სპეციფიკური ჟესტი, რომლის ახსნასაც ყოველმეორე პიარის შესახებ დაწერილ წიგნშის თავში შევხვდებით: “რამდენიმე რჩევა აუდიტორიის დამორჩილებისა და მართვის შესახებ”.

Advertisements