დეა კულუმგებაშვილის მერანი

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი ლეთე მიხეილ გომიაშვილის პერსონჟის ზურგით იწყება. შავ-თეთრ კადრში ჩანს მხოლოდ შებრუნებული თავი და ხის შიშველი ტოტები. ის მეორე მსოფლიო ომისდროინდელ ბლოკადას იხსენებს, თუ როგორ გააგზავნა დედამ პურის მოსატანად. კადრი იშლება, გომიაშვილის პერსონაჟი ტყეში ცხენით ჯირითობს, თან წარსულის ყველაზე დასამახსოვრებელ მოგონებას გვიმხელს, ფრაგმენტულად, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალების გახსენებით. კადრი უწყვეტია, თუმცა ახლო რაკურსის გამო ჩვენი ყურადღება ძალიან მარტივად გადადის გომიაშვილის ისტორიიდან მინდორში მოთამაშე ბავშვებზე, ერთი-ერთ გოგონაზე.

ბელორუსელი ოპერატორის არშენი ხაჩატურანის ამოცანა აუდიტორიის სრული დამორიჩელიებაა. ზოგადად, კარგი რეჟისორები და ოპერატორები მაყურებელს კადრის დათვალიერებისა და ამ პროცესით სიამოვნების მიღების საშუალებას აძლევენ. ხანდახან კი მათ შეუძლიათ ჩვენთან თამაში და ჩვენი მზერის სრული დამორჩილება. ფილმში სულ ხუთი მიზანსცენაა და ამდენივე უწყვეტი კადრით გადაღებული სეკვენცია. ლეთეში მონტაჟი თითქმის არ გვაქვს, ამ როლს კამერა ითავსებს, ოღონდ არა ისე, როგორც ეს ინარიტუს Birdman-შია, რომელიც საცირკო სანახაობას უფრო გავს ვიდრე ფილმს. ლეთეს შემთხვევაში მონტაჟი არა ჭრაში არამედ მუდმივად ცვლად ხედებში, კამერის ტემპისა და სინათლის ტონში მდგომარეობს.

films-in-mexico-2           კადრი ფილმიდან ლეთე

ფილმში არ არის ლინეური ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ მაყურებლისთვის ყველაფერი აბსოლუტურად გასაგებია. გოგონას პირველი სიყვარულის ისტორიას ვაკვირდებით სოფლის “ლხინის” პარალელურად. თუმცა, როგორც ეს მიხეილ გომიაშვილის პერსონაჟის დიალოგშიც იყო, უწყვეტი კადრის მსვლელობისას საქმე გვაქვს უამრავ “ამოჭრასთან” და “მხოლოდ მნიშვნელოვანი დეტალების დატოვებასთან”. სწორედ ეს უცნაური მონტაჟი ქმნის მეხსიერების – და არა იმდენად სიზმრის – ალუზიას.

ლეთე, ბერძნულ მითოლოგიაში, დავიწყების მდინარეა, თუმცა, ამავდროულად ის გახსენების წყაროცაა. ფილმიც სწორედ ამ ორი ძალის ბალანსზეა აგებული. ყველა სცენაში რამდენიმე დამოუკიდებელი ელემენტია, მაგალითად: სოფლელების შეკრება, სუფრა, ჭიდაობა, სიმღერა. ისინი ერთ მიზანსცენაში არსებობენ ისე როგორც ადამიანის მეხსიერებაშია რაიმე ამბავი – ხშირად, არაქრონოლოგიურად, არამედ, ცალკეული იერ-სახეებითა თუ დეტალებით. ამ სცენებში ერთადერთი რაც ხელს გიშლის არის არაბუნებრივი ანტურაჟი, ჩაცმულობა და ზოგიერთი პერსონაჟის ქცევა. ასევე მთავარი გმირის ზედმეტი სისპეტაკე, რომელიც სილამაზის ფაშიზმსაც კი გვახსენებს, რომ თითქოს მხოლოდ კონვენციური გარეგნობის ადამიანები იმსახურებენ ჩვენ ყურადღებას. თუმცა ამ ყველაფერს ვივიწყებთ როდესაც ვხვდებით ოთახში, სადაც ბავშვები თამაშობენ. მთავარ პერსონაჟს თანატოლები თვალებს უხვევენ და ოთახიდან გარბიან. ის იწყებს მათ ძებნას. ფილმის ჩქარი რიტმი თითქმის ნელდება, დროის მსვლელობა იწელება, მაყურებლის სუნთქვის სიხშირე სცენის რიტმს უტოლდება და შემდგომ, ხელახლა ჩქარდება მომდევნო ეპიზოდის დადგომასთან ერთად.

ლეთე სრულდება ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსით მერანით. ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ქართველმა რეჟისორმა ზუსტად იგრძნო და შეაფასა არა ლოკალური, არამედ გრანდიოზული მაშტაბის პოეზია. დეა კულუმბეგაშვილის წყალობით შევძელით იმის აღმოჩენა, რომ თურმე მისი ოდნავ რთული, არაკონვენციური და სახიერებებით მდიდარი პოეზია არის ყველაზე კინემატოგრაფიული და უნივერსალური რაც კი ქართულ პროზასა თუ პოეზიაში ოდესმე შექმნილა.

lethe