ეს არ არის “საშიში დედა”

“საშიში დედა” ანა ურუშაძის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. მან უკვე მოიპოვა რამდენიმე ფესტივალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება. საქართველომ “საშიში დედა” ამერიკული კინოაკადემიის პრემიის უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაზეც წარადგინა. “ოსკარებზე” გაგზავნამ ეს ფილმი, რიგითი დებიუტიდან, წლის მთავარ კინომოვლენად აქცია.

“საშიში დედა” უაღრესად რთულ პრობლემებთან შეჭიდების მცდელობას წარმაოდგენს. ფილმში შევხდებით თანამედროვე ფილოსოფიისა და კულტუროლოგიისთვის აქტუალურ საკითხებს, მაგალითად: ავტორის კონცეფციის პრობლემატიკას, ავტორისა და პროტაგონისტის ურთიერთობის საკითხს, მხატვრული ტექსტისა და რეალობის გამიჯვნის, ან პირიქით, ერთმანეთში ინტეგრირების თავისუბურებასა და სხვ. ფილმი ასევე მოცემულია აზრი, რომლის მიხედვითაც ოჯახი განისაზღვრება როგორც ცენზორად და მორალურ პოლიციელად.

sashishi_deda

“საშიში დედა” ანუ ფილმის მთავარი გმირი მანანაა, მწერალი ქალი, რომელიც ძაღლთან, შვილებთან და ქმართან ერთად თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობს. მთავარი გმირის სახელიდან და აგრეთვე, სიუჟეტური მსგავსებიდან გამომდიანარე, მაყურებელი გარკვეულ პარალელებს ნანა და სიმონის ფილმთან “ჩემ ბედნიერ ოჯახთან” გაავლებს (ორივე ფილმში მთავარ გმირს მანანა ქვია). “საშიშ დედასა” და “ჩემ ბედნიერ ოჯახში” დედები პატრიარქალურ წესრიგსა და კულტურას უმხედრდებიან, თუმცა ეს ქალები განსხვავდებიან მოტივაციისა და მიზნების თვალსაზრისით.

პირველი რაც მაყურებელს ენიშნება, მთავარი გმირის ინტენსივობაა. ფილმში თითქმის არ არის ეპიზოდი თუ კადრი, სადაც მანანას არ ვიხილავთ. “საშიშ დედას” ნატა მურვანიძე ასახიერებს. ეს არის ქალი რომელიც მუდმივად ცდილობს განმარტოებას ძილისთვის, რათა ძილში სიზმრები ნახოს, სიზმრებში კი მომავალი რომანების ისტორიები. ფილმი ერთ-ერთი ასეთი “სეანსის” ჩვენებით იწყება. ჩვენ ვხედავთ მძინარე მანანას, მის სახეს. ის სავარძელში უცნაურ პოზაშია მოკალათებული. მანანას ეღვიძება. თავს ამოძრავებს, მძიმედ ახელს თვალებს. ეს თვალები აბსოლუტურად შავია. სახეზე არსებული გამომეტყველება ტანჯვას ან მელანქოლიას მოგვაგონებს. ჯერ არ ვიცით მანანას ტკივილის მიზეზი, ეს ხდება იმის გამო რომ სიზმრებიდან გამოღვიძება უწევს თუ იგი სხვა რამით არის შეწუხებული.

cr=w-1136,h-568

მთავარ გმირს რომ იოლი ცხოვრება არ აქვს ამას პირველივე კადრებიდან ვიგებთ. კამერა ადამიანის სიმაღლეზე უფრო მაღალი წერტილიდან გვათვალიერებინებს ქართული წვრილბურჟუაზიული ოჯახის სამყოფელს. მაყურებელი აკვირდება საბჭოთა დროინდელ დეტალებს (კარადებს, ჭაღებს, სავარძლებს), თუ როგორ ერწყმიან ისინი თანამედროვე სტილს (მაგალითად, სამზარეულოს) და ქმნიან თავისებურად ლირიკულ გარემოს.

19905375_1494803917248045_5018007403806058609_n

მანანა დილაუთენია საყიდლებზე მიდის. მას უწესრიგოდ აცვია, თითქოს უბრალოდ, მაგრამ მისი პალტო აბსოლუტურად ამოვარდნილია ბაზარსა თუ მაღაზიებში მოსიარულე დიასახლისის ჩაცმულობისგან. ლურჯი ფერის მოსასხამი ძალიან ელეგანტურია, გავს დიორისა თუ სენ ლორანის პირველი ხაზის ტანსაცმელს. პერსონაჟის ჩაცმულობაში არსებული ეს დისონანსი გამოსახულებასა და რეალობას შორის არსებულ აცდენაზე მიგვანიშნებს. მალევე გაისმის ნატო მურვანიძის ხმაც, რომლის საუბრისა და თამაშის მანერაც წამიერად ანგრევს მანამდე უმაღლესი ოსტატობით შეკოწიწებულ საოცრად კინოგენურ სამყაროს. მისი პირველივე ფრაზა არა მომავლის ქართულ კინოში, არამედ წარსულში გვაბრუნებს და ჩვენს მოლოდინს სპობს.

 

Untitled

ნატა მურვანიძის გარეგნობა ნამდვილად ესადაგება 21-ე საუკუნის ქართველი ვირჯინია ვულფის იერ-სახეს, თუმცა მისი ყველა მოძრაობა, უმცირესი რხევებიც კი დაკავშირებულია ძალიან დიდ სიყალბესთან. მანანას რეპლიკები, რომ არაფერი ვთქვათ მონოლოგებზე, გაგვახსენებს ძველ ქართულ თეატრს, სადაც იაფფასიანი პათეთიკა ტრაგედიად საღდებოდა.

ნატა მურვანიძე, საკუთარი გმირის მიერ მოყოლილი ფილიპინური მითოლოგიური მხეცის მსგავსად, ორსული ქალების მაგივრად ჭამს ფილმისა და მის მრავალ კარგ მიგნებას. ისტორია იმის შესახებ თუ როგორ გადაწყვიტა ქართველმა დიასახლისმა პორნოგრაფიული რომანის დაწერა, საინტერესო იდეიდან გროტესკულ სიუჟეტად იქცევა.

მანანა მწერალია, მაგრამ არავინ იცის ზუსტად რაზე მუშაობს. მისი თხოვნით, ქმარი საძინებლიდან სხვა ოთახში გადადის, რათა რომანის წერის პროცესს ხელი არ შეუშალოს. ის მანანას დომინირების უფლებას ანიჭებს, მანამ სანამ თავად აქვს ამის სურვილი. მას შემდეგ რაც მისი ახლობლები ტექსტის შინაარს გაიგებენ, ეს საშუალოსტატისტიკური და ერთი შეხედვით, საკამოდ ცივილური ოჯახი მანანას განადგურებას გადაწყვეტს.

ცოლმა და სამი შვილის დედამ ყველაზე ფუნდამენტურ აკრძალვას გადააბიჯა, როცა თქვა, რომ მას თუ მის პერსონაჟს ეზიზღება საკუთარი შვილები, არაფერი რომ ვთქვათ ქმრის სიძულვილზე და იმ თავაშვებულ სასიყვარულო თავგადასავლებზე, რასაც მანანას რომანი ეძღვნება. მას არ სურს ტექსტის შინაარსის ნაადრევად გამხელა, თუმცა მას იძულებულს ხდიან. პირველი გევრდის წაკითხვის შემდეგ მისი ოჯახი ერთხმად თანხმდება ამ ტექსტის განადგურებაზე. ისინი აივანზე გადიან და სახელდახელოდ მოწყობილ აუტოდაფეზე რომანს წვავენ, ისე როგორც ინკვიზიცია წვავდა ალქაჯებს ან ნაციონალ-სოციალისტი ახალგაზრდები “არაგერმანულ სულის ლიტერატურას”. განხეთქილების ვაშლის განადგურებას მანანა არ უძალიანდება. პირიქით, ამ პროცესიაში ფორმალურად თავადაც მონაწილეობს. მისი ერთადერთი სადარდებელი ფინალია, რომელსაც ვერაფრით წერს.

deda2017-08-03_at_10.29.51_PM

ფილმში მოცემულ რამდენიმე ტექსტს შორის გადაადგილება მაყურებელს ატრაქციონივით ართობს და ამავე დროს, აფიქრებინებს ავტორისა და მისი პერსონაჟის მსგავსება-განსხვავების პრობლემაზე. ეს საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე მწერალს თავს დაესხნენ მათ რომანებში არსებული პერსონაჟების გამო (მხედველობაში გვაქვს ზაზა ბურჭულაძისა და ერეკლე დეისაძის შემთხვევები).

“საშიშ დედაში” გამძაფრებულია ეს გარემოება, ლიტერატურული ტექსტი თითქმის იდენტურად იმეორებს ფილმის რეალურ ტექსტს (ანუ სცენარს), თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ ვიგებთ არის თუ არა მანანას ალტერ ეგო მისივე რომანის მთავარი გმირი. საქმეში ერთვება ლიტერატურათმცოდნის პერსონაჟი, რომელიც სამეცნიერო ენით ცდილობს ოჯახის წევრებისთვის ამ საკითხის ახსნას. ნუკრი (რამაზ იოსელიანი) აღტაცებულია მანანას ტექსტით და ყველაფერს აკეთებს, რათა ის დაიცვას როგორც ოხაჯისგან, ისე გამომცემლებისგან, მეორე თანრიგის ცენზორებისგან. ნუკრი ჩაფიქრებული იყო როგორ სახელოვნებო კრიტიკაზე შარჟი, თუმცა საბოლოოდ, ამ პერსონაჟისგანაც რჩება სხვადასხვა კლიშეს მარტივი კომპილაცია, რომელიც უფრო მეტად რეჟისორის სისასტიკეზე მეტყველებს, ვიდრე მახვილგონიერებაზე.

“საშიშ დედაში” ძალიან ბევრი პირობითობაა, რომლებიც უნებლიეთ იგავურ კინოს გვახსენებს. იგრძნობა ახალგაზრდა რეჟისორის საკუთარი თავითა და მიგნებებით გატაცებაც. ხშირად ის კარგავს ზომიერების გრძნობას და ორიგინალური მიგნებები უგემოვნობის გამოვლინებამდე დაყავს. მაგალითად, აბაზანის სცენაში, სადაც მანანა ცდილობს ქმრისთვის ახსნას თუ როგორ მოსდის თავში ესა თუ ის ისტორია, ჩვენ ვაკვირდებით კლასიკურ სკეჩს და არა პოეტურ ეპიზოდს. ზღვარგადასულობა “ჭამს” ამ სცენას. ნატა მურვანიძის თამაშზე მაყურებელს სიცილი უვარდება, ხითხითი კი გადაფარავს მნიშვნელოვან რემარკას იმის შესახებ, რომ ლიტერატურა ეფუძნება ვიზუალურ აზროვნებას, ის რაც კინემატოგრაფისთვის ამოსავალ წერტილს წარმაოდგენს.

ფილმში არსებული გაუთავებელი უტრირება ეხება არამხოლოდ დრამატურგიულ ნაწილს, არამედ მსახიობების თამაშის მანერასაც. “საშიშ დედაში” არიან ჩვეულებრივი ადამიანებიც, მათ შორის, ქალი გამომცემელი, რომელიც ამ ფილმის ნამდვილი მარგალიტია. თუმცა ნატა მურვანიძისა და მანანას მამის როლის შემსრულებელი ავთო მახარაძის პათეთიკა “ცუდი თეატრის” სკალასაც კი სცდება და ახალ მწვერვალებს იპყრობს. ფინალში, სიბრტყელესა და ვულგარულ პირდაპირობას აღარავინ ერიდება, რის გამოც მაყურებელი უხერხულ მდგომარეობაში ვარდება, სხვის გამო სირცხვილი კინოთეატრის სავარძელში წრიალს აწყებინებს.

შეუძლებელია “საშიში დედის” მშვიდად ყურება, ის ყველაზე გაწონასწორებულ მაყურებელსაც გამოიყვანს მდგომარეობიდან. ამას რეჟისორი მოურიდებელი ზღვარგადასულობით ახერხებს, თითქმის ისეთით, როგორსაც დერენ არანოვსკი საკუთარ “დედაში” იყენებს. “საშიში დედის” დასრულების შემდეგ ხვდები, რომ ნახული ისტერიკა არ იყო შემთხვევითი და შინაარსზე მეტად ის ფორმის ნაწილი გახლდათ. როგორც მთელი ფილმის განმავლობაში მანანა ეთამაშებოდა გარშემომყოფებს, ასევე გვექცევა რეჟისორიც. მისი მიზანი ჩვენი შეჯანჯღარება და გაცურებაა. ავთო მახარაძის ფინალში წარმოთქმული მონოლოგის ერთადერთი ფუნქცია (ან გნებავთ, გამართლება) აუდიტორიის დაბნევაა (დაცინვა), სწორედ ისე როგორც ამას მაგრიტის ტილოზე გაკეთებული წარწერა შვრება (დაგვცინის), რომელიც გვამცნობს, რომ ჩიბუხის გამოსახულება ხანდახან “არ არის ჩიბუხი”.

the-treachery-of-images-this-is-not-a-pipe-1948(2)

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s