უბედური ბედნიერი ოჯახი

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” ნანას და სიმონის რიგით მეორე ერთობლივი ნამუშევარი და ტრილოგიის ცენტრალური ფილმია. ჯერ უცნობია ამ ტრიპტიხის სათაური, მაგრამ უკვე დანამდვილებით შეგვიძლია მის გენერალურ ხაზზე საუბარი, რომელიც კულტურის, პატრიარქალური და მოძალადეობრივი კულტურის გამოკვლევასა და მის დეკონსტრუქციას გულისხმობს. რეჟისორებმა ეს ყველასთვის კარგად ნაცნობ და აწ უკვე ქართული კინოსთვის საეტაპო ფილმში “გრძელ ნათელ დღეებში” დაიწყეს, თან ისე რომ ამ პროცესში საზოგადოების ფართო მასებიც ჩართეს. ტრილოგიის მეორე ფილმში ნანა და სიმონი ძალადობას უფრო ვიწრო მოცემულობაში, ქართული ოჯახის სტრუქტურაში იკვლევენ.

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” შუახნის ქალის, მანანას (ია შუღლიაშვილი) ისტორიას გვიყვება. ის ტიპური ქართველი დიასახლისია: ყავს ქმარი, ორი შვილი, მშობლები, რომლებთან ერთადაც ცხოვრობს. პროფესიით მასწავლებელია და მუშაობს სკოლაში. გაკვეთილების შემდეგ ბაზარში დადის. მისი ცხოვრება ერთფეროვანი ვალდებულებებით არის სავსე. ერთხელაც, ეს რიგითი ქართველი დიასახლისი, საკუთარ 52-ე დაბადების დღეზე “დიდი ოჯახიდან” წამოსვლას გადაწვეტს.

ფილმში რამდენჯერმე ხაზგასმულია მანანას მწირი ფინანსური შემოსავლები. ის ბინას თბილისის გარეუბანში ქირაობს, რის საშუალებასაც მასწავლებლი ხელფასი აძლევს. სახლი საშინელ მდგომარეობაშია, თუმცა ეს გარემოება მანანას საერთოდ არ აფრთხობს. მას სჯერა, რომ კომფორტს მოკლებული მაგრამ მისი საკუთარი სახლი აჯობებს იმ ადგილზე, სადაც ნახევარი საუკუნე გაატარა და სადაც პირადი ოთახიც კი აღარ ქონდა.

MV5BZjE2YjQwMzUtMjEwMS00NzlmLTg1YjktMWM0NmM2ZjQwMGE4XkEyXkFqcGdeQXVyNjEyNzgxNjk@._V1_

მანანას ოჯახი სამი თაობის ქალს აერთიანებს: მას, დედამისსა და შვილს. ქმრები ამ სახლში მხოლოდ ერთგვარ “დანამატებს” წარმოადგენენ, რომლებიც ამ სახლში ქალებმა მოიყვანეს. აქედან გამომდინარე, ერთი შეხედვით, ქმარი და მამა, კასტრირებულები არიან და ვერ (არ) უწევენ წინააღმდეგობას. მანანას მთავარი ანტაგონისტი დედამისია, მთავარი მოკავშირე კი შვილი, რომელიც ემზადება დედამისის ცხოვრების გამეორებისთვის. ალბათ, მანანაც საკუთარი მშობლის ლამარას (ბერტა ხაფავა) რეპლიკანტი იყო, იმ მომენტამდე სანამ საუკუნეების განმავლობაში მოქსოვილი ეს გენდერული მონობის ჯაჭვი არ გაარღვია. “დიდი ოჯახიდან” წამოსვლით მანანამ ქალიშვილის მომავალიც იხსნა, რომელმაც დედის უცნაური საქციელის შემდეგ პირველად დაიწყო ფიქრი, რასაც მოულოდნელი აღმოჩენების გაკეთებაც მოყვა.

მანანას გარშემო არსებულ ქაოსს, რომელიც, ამავდროულად, ძალზედ ხმაურიანი და შემაწუხებელია, ნანა და სიმონი გადმოცემენ სიმფონიური მუსიკის ყველა კანონის დაცვით: აჩქარებებით, შენელებებით, პაუზებითა და დისონანსებით. ფილმში ორი ხაზი არსებობს, ერთში აურზაურია, ხმაური, ნათესავები, მოსწავლეები, მეგობრები, ბაზარში მოსიარულე უტაქტო მყიდველები და სხვ. მეორე ხაზი კი მანანას ახლადშექმნილ ცხოვრებას მიუყვება, რომელშიც ბევრია სიჩუმე, კლასიკური მუსიკა და არა სიმარტოვე, არამედ ცალკედ ყოფნის ჰარმონია. ეს ორი კონტრასტული სამყარო ფილმის განმავლობაში ერთმანეთს ეჯახება და ხშირად ერთი მეორეში ისე იღვრება, რომ ბადებს სრულიად ახალ საზრისებსა და განსაზღვრებებს.

“ჩემი ბედნიერი ოჯახში” არსებული ყველა მიკრო კონფლიქტი მაყურებელში სიცილს იწვევს. ეს არის ეიზენშტეინის ატრაქციონებისა და ინტელექტუალური მონტაჟის თეორიების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინება, როდესაც ორი კონტრასტული კადრი, ამ შემთხვევაში, ისტორია – წარმოშობს სრულიად ახალ ნარატივს, რომელიც ერთდროულად მოიცავს კრიტიკულ თვალსაზრისსა და ლმობიერ დამოკიდებულებას, რომელიც ყველა მჩაგვრელსა თუ მოძალადეს მეორე შანს აძლევს, უტოვებს სივრცეს განვითარებისთვის.

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” კულტურას არ ებრძვის კაცების მიერვე აპრობირებული გზებით. მასში საერთოდ ვერ ნახავთ რადიკალიზმს. ფილმში ცალსახად ნეგატიური პერსონაჟიც კი არ არსებობს. ამ გარემოებამ, კეთილისა და ბოროტის დაპირისპირებაზე დაფუძნებულ ხელოვნებას შეჩვეული მაყურებლი, შეისაძლოა დიდად გააოცოს. “ჩემ ბედნიერ ოჯახში” ნეგატიური პერსონაჟის როლი კულტურას აქვს მორგებული, რომელიც სხვადახვა დოზით გადანაწილებულია ყველა პერსონაჟში. ნანას და სიმონს არ სძულთ ადამიანები, არ ცდილობენ პრობლემის სათევედ კონკრეტული ინდივიდის მოაზრებას. მათ მაყურებლის გამკიცხავი მზერა პერსონაჟებიდან უფრო ღრმა და ყოვლისმოცმველ საკითხებზე გადააქვთ. კულტურა მანანას ქმარს, ძმასა და მის ძმაკაცებს იყენებს როგორც ამბოხებული ქალის მოსათვინიერებელ ინსტრუმენტებს. ფილმში ამის აღნიშვნა უაღრესად მნიშვნელოვანი გარემოებაა.

როგორც უკვე ვთქვით, მანანას მთავარი მოწინააღმდეგე ლამარაა. ერთ-ერთი ოჯახური სკანდალის დროს, სამზარეულოში, საკუთარ შვილს ეუბნება თითქმის იმას, რაც მანამდე ტელევიზორით გვესმის საქართველოს პატრიარქის საკვირაო ქადაგებიში, რომ “ქალი ვალდებულია საკუთარი სიცოცხლე ოჯახს შეწიროს”. მაგრამ ნანა და სიმონი ხედავენ გვირაბის ბოლოში სინათლის ნიშნებს. სამივე თაობის ქალი საბოლოოდ ახერხებს ერთმანეთის გაგებას თუ არა – თანადგომას მაინც.

MHF_Stills_1

მანანას “ბედნიერი ოჯახის” დეკონსტრუქციაში მთავარი ადგილი კამერას უჭირავს, რომელიც ამბავთან გამუდმებით მიახლოება-დაშორებით ფილმში დამოუკიდებელ რიტმს ქმნის. ეს კი მაყურებელს ორსაათიანი დახუნძლური ისტორიის მსუბუქად ყურებაში ეხმარება.

ნანას და სიმონს, კინომოყვარულთათვის კარგად ცნობილ, რუმინულ ახალ კინოსთან არამხოლოდ ოპერატორები აკავშირებენ (ამ და წინა ფილმზეც ოპერატორი სწორედ ამ კინოსკოლის წარმომადგენელი იყო), არამედ რუმინელებისთვის დამახასიატებელი თხრობის მანერაც, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ “ერთ ამოსუნთქვაზე ნახვის ხელოვნება”. ეს გარემოება ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ კინოს სოციალური მისიაც აქვს, მან ცვლილებებს უნდა შეუწყოს ხელი. ამ ფილმით ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებმა ისტორიული მანიფესტი შექმნეს. დავიტოვოთ იმედი, რომ სწორედ ეს თაობა თავადვე შეძლებს მოძალადე კულტურის დასაჭურისებას და მის მიერ ჩაგრულთა ემანსიპაციის პროცესის წახალისებას.

 

Advertisements

One thought on “უბედური ბედნიერი ოჯახი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s