მებრძოლთა ახალი კლუბი

ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბის” ეკრანიზაცია არ მომწონს. რამდენიმე მიზეზის გამო: არ მიყვარს ბრეტ პიტი და მეორე – დევიდ ფინჩერს დერდენის როლზე ბრეტ პიტი არ უნდა დაემტკიცებინა. თუმცა ის ფაქტიც უდავოა, “მებრძოლთა კლუბმა” “მუსკულებიანი” ფილმები B კატეგორიის ქვემოთ ჩააჩოჩა. მაგრამ არა დიდი ხნით. 9/11 ტრაგედიის შემდეგ, მორალურად და ემოციურად დათრგუნული ნაცია კვლავ “კეთილი და ბოროტის”, “ძლიერი და სუსტის” კონცეფციების მოთხოვნილების წინაშე აღმოჩნდა. 2000-იანი წლების ამერიკული მეინსტრიმული კინო დიდწილად აყვა უმცროსი ბუშის მოწოდებას, რომ სიკეთეს, თუკი ის ღმერთის მიერ მხარდაჭერილია, ყველანაირი საშუალების გამოყენებით შეუძლია ბოროტების დამარცხება. გავიხსენოთ ბლოკბასტერები, სადაც ბოროტებას დანგრეული ქალაქებისა და მილიონობით დახოცილი ადამიანის ფონზე ამარცხებენ.

2000-იანი წლების მიწურულს, ღმერთის მიერ კურთხეული ძალადობის ემანსიპაციის ამ ტალღამ თითქოს ძალა დაკარგა. ობამამ ავღანეთში ომის დასრულება დაანონსა, ნომინალურად შეწყვიტა კიდეც, დასავლეთში ანტიმილიტარისტულმა აზრმა იზეიმა. ამერიკულ კინოში კი ისევ დაიწყეს მასკულინობაზე შაყირი, მსგავსად “მებრძოლთა კლუბისა”, თუმცა, ოდნავ განსხვავებული სახით – მათ აქცენტი უპირველესყოვლისა მოძალადეზე გადაიტანეს, დაკუნთულ ალფა მამრზე – თუ რას უშვრება მას ძალაუფლება.

დერენ არონოფსკის “მოჭიდავე” თანამედროვე კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაჩაგრული ფილმია. პრესა ბევრს საუბრობდა “რექვიემსა” და “შავ გედზე”, თუმცა, ამ ფილმზე გამოხმაურება მხოლოდ მთავარი როლის შემსრულებლის მიკი რურკის ეკრანებზე დაბრუნების აღნიშვნით შემოიფარგლა. ფილმი კი უფრო მნიშვნელოვანზეა, სამწუხაროდ, მედიამ სათანადოდ ისიც კი ვერ შეამჩნია თუ რატომ გამოიყურება 1990-იანი წლების სექს სიმბოლო ისე როგორც ის ფილმშია (და ცხოვრებაშიც) წარმოდგენილი – მოხუცი, დანაოჭებული, პიკასოს დონა მაარის მსგავსი სახით. “მოჭიდავე” დასავლური მასკულინური კულტურის, “მუსკულებიანი” კინოს და ზოგადად, მაჩო პოპ-ინდუსტრიის სიუანსებში დახატული სახიერებაა, სავსე წინასწარმეტყველებით, გასამართლებითა და ემპატიით.

The Wrestler, 2008

ფილმის ნახვის შემდეგ ძალადობა აღარ გვეჩვენება, როგორც უალტერნატივო სიკეთე, რომელსაც თითქოს სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. ფიზიკური ძალა ანგრევს არა მხოლოდ მოწინააღმდეგეს, არამედ მის პატრონსაც. როგორც ჩანს, მაყურებელი და პირველრიგში, პროფესიონალი კინოკრიტიკოსები, არ აღმოჩნდნენ მზად კუნთმაგარი, ღმერთისგანკურთხეული ზეადამიანის გმირის კონცეფციის გააზრებისთვის, რის გამოც ის წარუმატებლად იყო ნომინირებული ოსკარის მხოლოდ ორ ნომინაციაზე. მაგრამ სხვა ვითარება იყო ევროპაში. “მოჭიდავემ” ვენეციის კინოფესტივალზე ოქროს ლომი მოიპოვა. და დიახ, ევროპა უფრო პაცეფისტური, უფრო ინტელექტუალური და მოდერნული აღმოჩნდა!

2010 წელს, ეკრანებზე დევიდ რასელის “მებრძოლი” გამოვიდა. ფილმი მოკრივე ძმებზეა, რომელთა ისტორიასაც კვლავინდებურად ნებადართულ, ასე თქვათ, კურთხეულ ძალადობასთან მივყავართ. არონოფსკის მსგავსად, რასელიც კამერას ძალადობის ისპირატორზე მომართვას, თუმცა არ ცდილობს ალფა მამრის ფრუსტრირებას, რადგან “მებრძოლში” სამყარო, გარემო, ადამიანები, ცხოვრება და სპორტიც კი – უკვე თვითდასაჭურისებულია. ობამას ანტიმილიტარისტური პოლიტიკის შემდეგ, საზოგადოებაში მასკულინური ლიდერშიპის ანტიგმირი უნდა გაჩენილიყო. ეს ვერ მოხერხდა. რის გამოც, ძველი ფსიქო-სოციალური წესრიგი გარდაუვალი კოლაპსის წინაშე აღმოჩნდა და ნანგრევებში მოძალადე კულტურის ყოფიერებაც ჩაიყოლა. თუმცა ეს უფრო იდეალისტური ვარაუდია, ვიდრე რეალობა. ჩვენ მხოლოდ ეპოქის ძაფებს ვეხებით და არა მთლიანად მატერიას.

დემოკრატებმა 2014 წლის შუალედური არჩევნები წააგეს. იმის მიუხედავად, რომ კრიზისის შემდეგ ეს პირველი წელი იყო როდესაც ამერიკის ეკონომიკა საგრძნობ წინსვლასა და 3% ზრდას განიცდიდა, საზოგადოება მტრისა და მტერთან მებრძოლი მირონცხებული ლიდერის იდეით მანიპულაციას დაემორჩილა დ არ განაგრძო რეალურ პრობლემებსა და გამოწვევებზე ფიქრი (ეს აზრი ზედმეტად განზოგადებულია, თუმცა გარკვეული ლოგიკის ჩარჩოებში ექცევა). აღნიშნულ პარადიგმას ზოგი პატრიოტიზმს ეძახის, ზოგიც “საბორნოსტის” (Соборность) მსგავსად რუსეთის პატრიარქ კირილესი, რომელმაც ამ ორ მოვლენას შორის ტოლობის ნიშანი, სულ ახლახანს, გაავლო.

პატრიოტიზმი არაერთგვაროვანი მოვნელაა. პატრიოტი შეიძლება იყოს კონსერვატორიც, ლიბერალიც და მდიდარი მეცენატიც, მაგალითად ჯონ დიუპონი. სულ ახლახანს რეჟისორის ბენეტ მილერის ახალი ფილმის “FOXCATCHER” პრემიერა მოეწყო. ფილმი დიუპონების დინასტიის მემკიდრესა და მილიონერ ჯონ დიუპონზეა, რომელმაც გასული საუკუნის მიწურუს საზარელი და ამავდროულად სასაცილო ქმედება ჩაიდანა. ერთი სიტყვით, ევროპული ყაიდის მემკვიდრეობითმა კაპიტალიზმმა შეისყიდა, დაიპატრონა და შემდგომ მოკლა რიგითი ამერიკელი ალფა მამრი, ოლიმპიელი მოჭიდავე.

ფილმის შესავალში, ჯონ შულცი, მთავარი გმირი, სკოლაში, ბავშვებთან შეხვედრაზე, პატრიოტიზმის მნიშვნელობაზე საუბრობს. ამერიკელების გარდასულ სიდიადეზე ლაპარაკობს ჯონ დიუპონიც, უფრო კი მისი ჟესტები, ქცევა, მანერები და ფიტულებითა და იარაღის გამოჭედილი სახლი. ფილმის ბოლოს მაყურებელს რჩება განცდა, რომ კურთხეული ძალადობით კულტივირებულ საზოგადოებაში ადამინი მარტოობისთვისაა განწირული. მეტადრე, ეს გულმხურვალე იდეოლოგიები ცდილობდნენ ეგზისტენციური გამოწვევის სხვადასხვა ოდიოზური სახე-ნარატივებით ჩანაცვლებას. თუმცა ვერტიკალზე დაშენებული ძალაუფლება, როგორც ამას ისტორიიდან მრავალი მაგალითიც გვიდასტურებს, ყოველთვის ნგრევითა და ლიკვიდაციით სრულდებოდა.

“მებრძოლთა კლუბიდან” მოყოლებული არც ერთმა ზემოხსენებმა ფილმმა ოსკარზე წარმატებას ვერ მიაღწია. სავარაუდოა, რომ მილერის ეს სურათიც კინოაკადემიკოსთა სიმპათიებს ვერ დაიმსახურებს. თუმცა ფაქტია, რომ ამერიკულ კინოში ძალიან კარგი პირობითი დაჯგუფება ჩამოყალიბდა – “მებრძოლთა ახალი კლუბი”, სადაც იკვლევენ ძალადობას, როგორც ფენომენს და აკვირდებიან მის მსხვერპლს, მოძალადესა და ზოგადად, საზოგადოებას.

foxcatcher, 2014

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s