ათი რამ კინომცოდნეობაზე

  1. კინომცოდნეობა არ არის ჟურნალისტიკა. კარგი კრიტიკოსი არ უნდა საუბრობდეს ფრაზებით: – “ფილმი სიყვარულზეა”, “ეს სურათი მოგვითხრობს…” და აშ. სწორხაზოვანი კოდებით ნამუშევრის შეფასება ყველაზე დიდი დანაშაულია. მკითხველსა თუ მაყურებელს უნდა შევთავაზოთ ფილმის იმგვარი განხილვა, სადაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი სამუშევრის ნაჭუჭზე, ანუ სიუჟეტზე, ფაბულასა და გაფორმებაზე საუბარი – ყველაფერი ის, რაც რიგითი მაყურებლის მიერ, შეუიარაღებელი თვალით, ისედაც აღიქმება.
  1. კინოკრიტიკოსისთვის დაუშვებელია ფილმის ანალიზის დროს კინომცოდნეობის სარბიელის დატოვება და სხვა მომიჯნავე თუ არამომიჯნავე სფეროებში გადასვლა. მან არ უნდა დაითვალოს ფილმის შემოსავალი, ის არ უნდა ხელმძღვანელობდეს ყვითელი პრესით, სკანდალებით, კულუარული ინფორმაციით. ყველაფერი ეს აკუმულირებული უნდა ჰქონდეს ანალიზის დაწყებამდე. თუკი არაკინემატოგრაფიული ნარატივი კონცეპტუალურად თუ სტილისტურად მნიშვნელოვანია, კინომცოდნეს ამგავრი ინფორმაციის კრიტიკაში ჩართვა შეუძლია მხოლოდ მათზე საკუთარი დამოკიდებულების დართვის შედეგად.
  1. კინომცოდნეობაში უნდა არსებობდეს კრიტიკის მხოლოდ ორი მეთოდი – ფორმალისტური და კონცეპტუალური. პირველი უნდა იკვლევდეს ფილმის ფორმას, მეორე კი – მის აბსტრაჰირებას, კონტექსტისა და მნიშვნელობის განზოგადებას. საუკეთესო შემთხვევაში ეს ორი მეთოდი განუყოფლად უნდა არსებობდეს, თუმცა დასახული ამოცანებიდან გამომდინარე, დასაშვებია მათი განცალკევებაც – სამეცნიერო ხასიათის სტატიაში მხოლოდ ფილმის ფორმის კვლევა, თუმცა დაუშვებელია მეორე მეთოდის დამოუკიდებლად გამოყენება, რადგან, ამ დროს, “ეს სურათი მოგვითხრიბს” და მსგავს ფუჭ დისკურსებში გადავარდნის რისკები იზრდება.
  1. კინომცოდნემ უნდა დაიმახსოვროს, რომ ხელოვნება, და კერძოდ, კინო, მაყურებელს არაფერს არ ასწავლის. ის ვალდებულია, საზოგადოებაში ხელოვნების ნიმუშისგან დისტანცირების პროცესი გამოიწვიოს. მან უნდა ახსნას, რომ ფილმში წარმოდგენილი პრობლემა არის მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული მოდელი და არა შინაგანი აქტის მოსახდენად საჭირო მზა რეცეპტი. ამიტომ, დაუშვებელია რაიმე საზრისის ილუსტრირებისთვის ფილმის პოზიტიურ თუ ნეგატიურ კონტექსტში მოხმობა. კინო, მათ შორის დოკუმენტურიც, არ არის კონვენციური რეალობა, ის გამოხატავს კონსტრუირებულ საავტორო რეალობას. წარმოებული ინფორმაციული თუ ესთეტიკური ნაკადის ეგზოგენური გამოყენება იწვევს მის დაკნინებას. მაგალითად, ძალადობის ფენომენის განხილვისას არაფრისმომცემია ძალადობის სცენების მაგალითად მოყვანა. ისევე როგორც საგანმანათლებლო პროცესში ეკრანიზაციების გამოყენება, კრიტიკაში კი – კონკრეტულის განუზოგადებელი კინოკონტექსტით განხილვა. კინომცოდნემ უნდა გააერთმნიშვნელოვანოს მსჯელობა – განზოგადებულ რეალობაზე ისაუბროს გახსნილი კინოკონტექსთით. სხვა შემთხვევაში ის უგემოვნო ჟურნალისტი იქნება.
  1. კინომცოდნე რომელიც მუდამ არ წერს – არ არის კინომცოდნე. ყველა, კინოთეორეტიკოსი თუ კინოკრიტიკოსი უნდა იყოს აგრესიულად თავისუფალი შემოქმედი, ანუ “პარტიზანი კინომცოდნე”. დაუშვებელია კინოკრიტიკის ტრადიციების, სკოლების, დაუწერელი კანონებისა თუ სტილების მიმდევრობა. ყველა კინომცოდნე უნდა იყოს ინდივიდუალური ხელწერისა და სტილის მწარმოებელი, თუმცა ეს არ გამორიცხავს თანამოაზრეთა დაჯგუფებების არსებობას. მაგრამ ამგვარი მანიფესტურობა უნდა ხდებოდეს თანადროულ დროსა და სივრცეში, დაუშვებელია მორალური და ფორმალისტური კავშირი წარსულ გამოცდილებასთან.
  1. კინომცოდნეს უნდა სძულდეს პათეთიკა, ლიტერატურული მსჯელობა, ციტატები, უხვმეტყველება, ზედაპირულობა, მორალზე საუბარი, დეტალებზე ყურადღების არ მიქცევა, უსიცოცხლო რეცენზიები, მიდგომა – “კეთილი და ბოროტი პერსონაჟები”, სტალინიზმი თუ მაკარტიზმი, გულგრილობა, ჭარბი მემარჯვენეობა, ხმადაბალი ფინალი, არაკოსმოპოლიტიზმი, არასამართლიანობა და ეროვნული კინოსკოლისთვის დაუმსახურებლად მნიშვნელოვანი ადგილის მინიჭიბა.
  1. კინომცოდნისთვის დაუშვებელია თანამედროვე კინემატოგრაფის არსიყვარული, მისი არ ცოდნა. ასევე დაუშვებელია ყოველგვარი წინასწარგანწყობა, აკვიატებულობა და კლიშე. კინომცოდნეს უნდა შეეძლოს და უნდა საუბრობდეს როგორც საავტორო ისე მეინსტრიმულ კინოზე, ზოგადად, თანამედროვე კულტურაზე.
  1. კინომცოდნე არ უნდა ექცეოდეს საზოგადოებრივი თუ პროფესიული წრის ტენდენციების ზეგავლენის ქვეშ. ის საკუთარი შინაგანი რწმენის, გემოვნებისა და შეხედულებისამებრ უნდა არჩევდეს იმ ფილმებს, რომლებზეც სურს წერა. პრემიერის შემდეგ კრიტიკოსის მიერ არდაწერილი რეცენზია ნიშნავს ნამუშევრის უღირსობას, რომ იყოს განხილული.
  1. კარგი კინომცოდნე საზოგადოებაში აზროვნების პროცესის დაწყებას პროვოცირებს. მისასალმებელია ყოველგვარი გააზრებული ექსცენტრულობა და გამაღიზიანებლობა, რაც მიზნად დრომოჭმულობასთან, ძველთან, რეტროგრადულობასთან, ნეკროფილიასთან, სიახლის შიშთან, გაუბედაობასა და არამეამბოხეობასთან დაპირისპირებას გულისხმობს. მოწოდება – “იყავით უფრო კარგები”, ფუჭი და მორალისტური პროპაგანდაა, – “მძულხართ, ასეთები რომ ხართ” კი – შედეგის მომცემი და ეფექტიანი მიდგომა. სუბიექტი ამის შედეგად იძულებული ხდება დაიწყოს ფიქრი თუ რატომ არის ის თქვენთვის მიუღებელი. თქვენი შენიშვნების შემდეგ თუკი არ დაიწყება ანალიზი – დასცინეთ – და მეორედ, აღარასდროს დაუთმოთ მას ყურადღება.
  1. კინომცოდნემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ის ქმნის ფონს, ისტორიას და რეალობას. ამიტომ, ზედაპირულობა და არათავისუფლება ვერ წარმოშობს საინტერესო სახელოვნებო პროცესებს, ის აზიანებს მიმდინარე კულტურის ხარისხსაც. კინოინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან მეგობრობა არაგულწრფელი დამოკიდებულებისა და განხილვის საწინდარია. ამიტომ აუკრძალეთ თქვენ თავს კინოელიტებში მოხვედრისა და პოტენციურად არაეფექტიანი საქმიანობის სურვილი. კინოსამყაროში არაფორმალურ ურთიერთობებს მოაქვს ინფორმულობის მაღალი დონე, რაც რეალურად ხელისშემშლელი გარემოებაა. კინოკრიტიკოსს არ უნდა აინტერესებდეს, ფილმში, ესა თუ ის სცენა კარგად რატომ ვერ გამოვიდა, ვინ რა მიზეზით ვერ შეძლო დასახული მიზნის მიღწევა. უადგილო სოლიდარობა დააკნინებს ობიექტურ შეფასებას. ასევე ზედმეტი ინფორმულობა, ზოგჯერ, გამოიყენება როგორც მასალის გამდიდრების საშუალება, რაც კინომცოდნის კომპეტენციას ცდება და კვლავინდებურად ჟურნალისტიკამდე დადის. ეს გზა არასწორია. დავიმახსოვროთ, რომ კინომცოდნე არ არის ამბების მთხრობელი, ის ანალიტიკოსია.
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s